Friday, November 11, 2011

დაშორების ანატომია...**))

       

წარმოვიდგინოთ, რომ გაქვს ურთიერთობა ადამიანთან. ხანგრძლივი, ან ხანმოკლე. ეს შეიძლება იყოს რაღაც დიდი და ლამაზი, ან უბრალოდ friendship with benefits, მოკლედ არ აქვს მაგას მნიშვნელობა. ხოდა, ერთ მშვენიერ (მშვენიერ?) დღეს, ეს ადამიანი მოდის და გეუბნება, რომ დაშორება სურს (მოდის და გეუბნება – საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლება sms-ით მოგწეროს, ან სულაც ელოდოს, როდის მოგბეზრდება მასთან უპასუხოდ რეკვა).

დიდი შანსია (თუკი, რა თქმა უნდა ეს ადამიანი აქამდე ისე არ ამოგივიდა ყელში, რომ მის დანახვაზე გული გიხდებოდა ცუდად), ამ დროს ტკივილი იგრძნო. ეს ბუნებრივია, მიუხედავად იმისა ეს სიყვარული იყო თუ უბრალოდ სიმპატია, თავმოყვარეობა მაინც აუცილებლად გეტკინება, იმიტომ რომ ქვეცნობიერად გრძნობ – დაfailდი, ვიღაცამ მასთან ერთად ყოფნისთვის არასაკმარისად კარგად ჩაგთვალა. ამიტომ, შენი თვითშეფასება ჯანდაბისკენ მიემართება, ხასიათი გეწამლება. იმ შემთხვევაში კი, თუ შენი ემოციები უბრალო სიმპატიაზე მეტი იყო, ამას განშორების ტკივილიც ემატება. ამდროს, შენი გონება, ქვემოთჩამოთვლილი “ჯოჯოხეთის წრეების” გავლას იწყებს:

სტადია პირველი – “დაბრუნდება”: “ეს შეცდომაა” იმეორებს შენი ქვეცნობიერი და მხოლოდ იმაზე შეგიძლია ფიქრი, რომ ის მეორე ადამიანი მწარედ შეცდა. ან სულაც, რაღაც მიზეზი აქვს, რომელსაც გიმალავს. “მოვენატრები და მოვა”, “მიხვდება რომ ვუყვარვარ და დაბრუნდება”, “შეიგნებს, რომ ძალიან კარგი ვარ და დამირეკავს. კუბლერ-როსის სიკვდილის სტადიებში, ამ პირველ ფაზას denial -ს(უარყოფას) უწოდებენ. შენი ტვინი უბრალოდ არ იაზრებს, რომ მსგავსი რამე მართლა შეიძლებოდა დაგმართნოდა. ამ ფაზაში ადამიანები სხვა და სხვა ხანგრძლივობით ვჩერდებით და ძირითადად ვცდილობთ აქტიურად ვიმოქმედოთ. დავურეკოთ, დაველაპარაკოთ, მივწეროთ, მივახვედროთ, შევაგნებინოთ, რომ ის სულელი, შტერი, დიდ დიდ შეცდომას უშვებს. ადამიანების ძირითადი მასა, რამდენიმე დღეში ასრულებს ამ საფეხურზე ყოფნას და შემდეგ ნაბიჯს დგამს.

                                                                            

საფეხური მეორე – “ინანებს”: ამ დროს უკვე ხვდებით, რომ მას არაფერი “შეშლია”, რომ წასვლა საბოლოოდ გადაწყვიტა. თუმცა, თქვენც გადაწყვიტეთ, რომ “თუნდაც მობრუნდეს, თქვენ ის აღარ გჭირდებათ”. გულს გიამებთ ფიქრი “ინანებს, მაგრამ გვიან იქნება”.  ქალები ამ დროს იწყებენ დიეტებს, სავარჯიშო დარბაზში სიარულს,  ახალი, კარგი ტიპების ძებნას. თუ ამ სტადიაზე მყოფ მამაკაცს დაელაპარაკებით, ის აუცილებლად მოგახსენებთ, რომ “მობეზრდა იყოს კარგი, ქალების მიმართ”, რომ “მთელი ცხოვრებაა ცდილობდა, არ ყოფილიყო ისეთი, როგორც სხვა. მაგრამ ვერ დაუფასეს და ახლა ისიც გახდება “ბოროტი მექალთანე”, რომელიც ყველას “იხმარს და გადააგდებს”".  ამ სტადიაში, ადამიანები განსაკუთრებულად ინტენსიურად ცდილობენ დაუმტკიცონ თავის თავს, რომ მაინც მაგრები არიან. მერე რა, თუ ვიღაცამ არასაკმარისად კარგად ჩათვალა.  საყვარელი ფანტაზია ამ დროს არის შეხვედრა “მიმტოვებელთან”. როდესაც ის, ცუდი, იქნება საწყალი, გაუბედურებული და მარტოხელა, ხოლო შენ, ლამაზი, ამაყი და რაც მთავარია საწინააღმდეგო (ან იმავე) სქესის ყურადღებით განებივრებული.
ეს შედარებით ხანგრძლივი ფაზაა და შეიძლება რამდენიმე თვემდე გაგრძელდეს. ამ დროს, პარალელურად,  აქტიურად ხდება “იმ ცუდის” პროფილის თვალიერება ფეისბუქზე, გარკვევა იმის ვისთან არის და რას აკეთებს. სადმე ვირტუალურად ან რეალურად გადაკვეთის შემთხვევაში, ერთმანეთის მისამართით “სწერვობაც” ჩვეულებრივი ამბავია.
საფეხური მესამე: “მისთვის მაინც ყოველთვის გამორჩეული ვიქნები” – ამ დროს, დაშორებიდან საკმაო ხანია გასული. თქვენ უკვე მშვიდად ხართ და შესაძლოა ახალი პარტნიორიც გყავთ, რომელთან ერთად კარგად გრძნობთ თავს. თუმცა, როდესაც იმ, ძველ ურთიერთობაზე ფიქრობთ, გულში სადღაც ძალიან ჩუმად გჩხვლიტავთ და ფიქრობთ იმაზე, რომ თქვენი ურთიერთობა მისთვის, მაინც რაღაც განსაკუთრებული იყო/არის. რომ თქვენ გამორჩეული იყავით მის ცხოვრებაში.  ეს ბუნებრივია – არც ერთ ადამიანს არ სიამოვნებს, როდესაც თავს “კიდევ ერთად” გრძნობს.

       

და ბოლო, მეოთხე საფეხური: ერთ მშვენიერ დღეს, მას სადღაც აწყდები და ხვდები რომ ვერაფერს გრძნობ. ვერც ბრაზს, ვერც წყენას, სიყვარულზე საერთოდ არაფერს ვამბობ. თქვენ შეიძლება ილაპარაკოთ, საკმაოდ ბევრი და ტკბილად, ბევრი რაღაც გაიხსენოთ და იცინოთ, თუმცა შენ ხვდები, რომ ემოციურად ეს ადამიანი, მხოლოდ კარგი ნაცნობია და მეტი არაფერი. სხვა ყველაფერი გამქრალია. ეს საფეხური, რამდენიმე თვიდან – რამდენიმე წლამდე პერიოდის გავლის შემდეგ იწყება.
ნებისმიერ შემთხვევაში, გირჩევდი, არც ერთ ფაზაზე (მეოთხემდე) არ გაჩერდე ხანგრძლივად.  და ვისაც უნდა რომ ამაზე მითხრას რამე “გულს ვერ უბრძანებ” სტილში, ვუპასუხებ: თუ საჭიროა, გადასარევად უბრძანებ :) დამთავრებულ ურთერთობაში ჩარჩენა, როგორც წესი, ჩვენივე ბრალია, ამიტომ არაა საჭირო სიტუაციის დრამატიზება და მიტოვების შემთხვევაში, საკუთარი თავის მუდმივ მსხვერპლად გამოყვანა. ამით ვერაფერს მოიგებ და თუ გრძნობ, რომ ერთ გაწყვეტილ ურთიერთობაზე ზედმეტად დიდი ხანი “გაჩერდი”, ფსიქოლოგი შენი არჩევის პრეპარატია.

No comments:

Post a Comment