Friday, November 11, 2011

“ჰოლივუდი” ფანტაზიის გარეშე..**))

      

ეს ტყე უნდა გადაიწვას და ბოლი აუვიდეს” – © “ბოლი wood”
„ჰოლივუდის“ გაგონებისას ადამიანს თავში სხვადასხვაგვარი ასოციაცია შეიძლება გაუჩნდეს. მაღალინტელექტუალური შედარებებით გამორჩეულებს  – „კინოინდუსტრიის მექა“ ახსენდებათ, „გიტასა და გიტარის“ მოყვარულებს – „ბოლივუდი“, მზესუმზირის გამყიდველს – ე.წ. „სემიჩკა“ ფილმები, მსახიობებს – ოცნების ქალაქი, „ოცნების ქალაქის“ რეჟისორს – სიტყვა „შური“, მე კი, რატომღაც ის შაბლონებად ქცეული მსგავსებები მომდის თავში, რომლებიც „ჰოლივუდურ“ ფილმებს ახასიათებს:
1. ფილმის პერსონაჟი ტაქსის მძღოლს ყოველთვის იმდენ ფულს აძლევს, რამდენიც ხელს ჯიბიდან ამოყვება და როგორც წესი, ეს ფული ზუსტად საჭირო რაოდენობის აღმოჩნდება ხოლმე, ვინაიდან ტაქსის მძღოლი ხურდას უკან არასდროს აბრუნებს.

2.  თითქმის ყველა ფილმში, ტაქსით მგზავრობისას გვხვდება კადრი ახლო პლანით ნაჩვენები სარკისა, რომელშიც მძღოლი ცნობისმოყვარე თვალებით უყურებს იმას, რაც უკანა სავარძელზე ხდება.
3. როდესაც მთავარი გმირი მარტოდმარტო მოკლავს 50-მდე ადამიანს და დაამარცხებს ყველაზე ძლიერ  მოწინააღმდეგეს, აუცილებლად გაისმის პოლიციის სირენების ხმა.
4. პოლიცია მოდის მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველაფერი ცუდი ჩაივლის.
5. როდესაც მთავარ პერსონაჟს იარაღს უმიზნებენ და ის-ისაა უნდა ესროლონ, მართლაც გაისმის გასროლის ხმა და როცა გვგონია, რომ მთავარი გმირი მოკლეს, უეცრად ბოროტი მოწინააღმდეგე ეცემა. უკანა პლანზე კი ჩანს კაცი, რომელმაც სინამდვილეში ისროლა.
6.  ქუსლებზე მდგარი ქალი ხშირად უფრო სწრაფად დარბის, ვიდრე სერიული მანიაკი.
7.  უცხო სახლში შესულმა გმირმა ყოველთვის ზუსტად იცის, სად არის შუქის ჩასართავი და ოთახში შესული, მაინცდამაინც იმ ადგილზე კიდებს ხელს, სადაც ჩამრთველია – თან ამ დროს სრულიად სხვა მიმართულებით იყურება.
8. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ქალაქის ნახევარი პოლიცია ერთდროულად ესვრის, მთავარ გმირს ტყვია მაინც არასოდეს ეკარება. იმ შემთხვევაში კი, თუ მაინც მოხვდა – მსუბუქად იკაწრება, ან, ”ლითონის სასიკვდილო ნაჭერი”  რამე ისეთ დეტალს ეჯახება, რომელიც მას ისხლეტს ან აჩერებს (მაგალითად, რკინის მედალიონი, ღვინის ბოთლი, ფულის დასტა და სხვა).                     
"ანისტონის უბედურების დასაწყისი"
9. რომანტიკულ ფილმებში ყოველთვის ერთი ტიპის სცენარია.  მთავარ პერსონაჟებს ერთმანეთი უყვარდებათ, შემდეგ რიგი მიზეზების გამო აუცილებლად ჩხუბობენ და ბოლოს, გოგო, ბიჭი, ან, ორივე ხვდება, რომ „იდიოტურად მოიქცა“. თუმცა,  გონების ეს განათება რატომღაც მაინცდამაინც ისეთ დროს ხდება ხოლმე, როდესაც სიყვარულის გადასარჩენად წუთებიღაა  დარჩენილი. ამ დროს ირთვება მხიარული მუსიკა და მთავარი გმირი გარბის ეკლესიაში, სადაც მისი მიჯნური ჯვარს იწერს, ან, აეროპორტში, საიდანაც რომელიმე ქვეყანაში სამუდამოდ მიფრინავს და ზუსტად იმ წამს გამოეცხადება სატრფოს, როდესაც მან ვიღაცის ცოლობაზე თანხმობა უნდა განაცხადოს, ან, თვითფრინავში ავიდეს.              
"დემი მურის უბედურების დასაწყისი?!"
10.  მთავარი გმირი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მთელი შემართებით იგერიებს ცდუნებას ვიღაც უცხო ქალისგან და შეყვარებული მაინცდამაინც მაშინ შეუსწრებს, როდესაც ეს ქალი მიზანს ასე თუ ისე მაინც მიაღწევს, რასაც აუცილებლად მოყვება ფრაზა: “ეს ის არ არის, რაც შენ გგონია”.
11. სწორ გზაზე სიარულისას მთავარი გმირი საჭეს აქეთ-იქით მაინც აბრუნებს.
12. დეტექტიურ ფილმებში მთავარი გმირი ერთხელ მაინც შედის სტრიპტიზ-ბარში.
13. ყველა ბომბზე დამონტაჟებულია ტაიმერი, რომლის ციფრებიც აუცილებლად წითელია და რომელსაც მთავარი გმირი, აუცილებლად მაშინ თიშავს, როდესაც აფეთქებამდე 1 წამია დარჩენილი.
14. ყველა ბოევიკური ჟანრის ფილმის ბოლოს აჩვენებენ, თუ როგორ ფუსფუსებს ასობით პოლიციელი შემთხვევის ადგილზე და როგორ ზის მთავარი გმირი რამდენიმე ნაკაწრით სასწრაფო მანქანასთან, ან, საკაცეზე. ფილმი კი მთავრდება კადრით, თუ როგორ ხუმრობს მთავარი გმირი სასწრაფო მანქანის უკანა კარის მიხურვის პარალელურად და შემთხვევის ადგილის ზედხედის ფონზე ნაწერები ამოდის.
15. მიუხედავად იმისა, რომ ილეწება და ფეთქდება ათასობით მანქანა, ამის გამო იხოცება უდანაშაულო ხალხი, ინგრევა ნახევარი ქალაქი და სხვა მრავალი უბედურება, ფილმის დასასრული მაინც „ჰეფი ენდად“ ითვლება მხოლოდ იმიტომ, რომ მთავარი გმირი და მისი რომელიმე ნათესავი უვნებლად გადარჩნენ.
16. საშინელებათა ფილმებში ხშირად ფიგურირებს ჩართული ტელევიზორი, რომელიც შიშინებს.
17. ხშირ შემთხვევაში მთელი მსოფლიოს გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი მხოლოდ ერთ ადამიანზეა დამოკიდებული.
18. როდესაც პოლიციელს მანქანა სჭირდება, იქვე აუცილებლად ჩნდება მოტოციკლიანი კაცი, ან, სხვა გაჩერებული ტრანსპორტი და მის უპრობლემოდ წასართმევად სრულიად საკმარია იმის თქმა, რომ „პოლიციელია“.
19. ხდება ძალიან ბევრი ავარია, მაგრამ ამ ავარიის დროს არასდროს არავინ იღუპება.
20. დასკვნით ბრძოლაში მთავარ გმირს სასიკვდილოდ სცემენ, რის შემდეგაც მაინცდამაინც ნაცემს მოსდის ისეთი ენერგია, რომლის საშუალებითაც უკვე აგონიაში მყოფი აბსოლიტურად უვნებელ მეტოქეს ამარცხებს!
21. ყველა მანქანა რომელიც ავარიაში მონაწილეობს, აუცილებლად ფეთქდება.
22. აფეთქების დროს, რა მანძილითაც არ უნდა დაშორებული მთავარი გმირი აფეთქების ადგილს, ის მაინც უნდა გადახტეს.
23. ყველა საშინელებათა ფილმი იდილიური და ბედნიერი სიტუაციის ჩვენებით იწყება.                        
"ყველაზე პოპულარული სისაშიშე" 
24. ხშირ შემთხვევაში, მაინცდამაინც მაშინ რეკავს ტელეფონი, ან, აკაკუნებენ კარზე, როცა მთავარმა გმირებმა ბოლოსდაბოლოს ერთმანეთს უნდა აკოცონ.
25. ტელევიზორი მაინცდამაინც იმ დროს და იმ არხზე არის ჩართული, სადაც ინფორმაცია ზუსტად იქ მდგომ მკვლელზე გადის და მკვლელიც იძულებულია ამ გადაცემით შეძრწუნებული ის ადამიანი მოკლას, რომელსაც სახეზე ეტყობა, რომ გამჭრიახი გონება აღმოაჩნდა.
26. საშინელებათა ფილმში, რაოდენ შორსაც არ უნდა გაიქცეს მსხვერპლი, სადაც გაჩერდება მკვლელი მაინც იქ ჩნდება და თან როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, წინიდან.
27. საშინელებათა ფილმებში, როდესაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება და მკვლელი ახლოსაა, არასდროს არცერთი ტელეფონი არ მუშაობს.
28. როდესაც ცოლი, ან, ქმარი დასაძინებლად წვება, მის მეორე ნახევარს ხშირ შემთხვევაში მაგიდის ნათურა აქვს ჩართული და წიგნს კითხულობს.
29. ძალიან გრძელ სატელეფონო ნომერს გმირი ყოველთვის ჩაწერის გარეშე, ერთი მოსმენით იმახსოვრებს.
30.  და ბოლოს „ჰოლივუდურ“ ფილმთა უმეტესობა „ჰეფი ენდით“ მთავრდება…

No comments:

Post a Comment